გამოხატვის თავისუფლება

გამოხატვის თავისუფლება

 

ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გამოხატვის თავიუსფლებისა და რელიგიის თავისუფლების, როგორც ძირითად უფლებათა დაპირისპირების თვალსაჩინო და უახლეს მაგალითს წარმოადგენს.

იურიდიული კომპანია სამართლის ხელის იურისტების ანალიზი საკითხზე თუ სად მთავრდება გამოხატვის თავისუფლება.

პრეზერვატივების ქართული ბრენდის შპს „აიისას“ მიერ წარმოებული პროდუქციის მიმართ მერიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმი.

თბილისის მერიამ მიიჩნია, რომ პრეზერვატივზე გამოსახული რეკლამა არაეთიკურია და არღვევს რეკლამის წარმოებისა და გავრცელების წესს.

აღსანიშნავია, რომ ოქმი მერიამ პარტია “ქართული იდეის” განცხადების საფუძველზე შეადგინა.

პარტია “ქართული იდეის” ლიდერის ლევან ჩაჩუას მიერ გაკეთებულ განცხადებას გთავაზობთ სრული ფორმით :

„ანი გაჩეჩილაძე საქართველოში აწარმოებს პრეზერვატივებს და ახდენს მის რეალიზაციას საფირმო სახელით აიისა, რომელზეც აღბეჭდილია საქართველოს მეფე წმიდა თამარის გამოსახულება და იქვე გვერდით განთავსებულია წარწერა: სამეფო კარი თამარში. განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის, რომ პრეზერვატივზე გამოსახულია ადამიანის ხელი, რომლის სამი თითი (ნეკა, ცერა, არათითი) მოხრილია, ხოლო ორი თითი (საჩვენებელი, შუა თითი) გასწორებულია. ორ გასწორებულ თითზე ჩამოცმულია პრეზერვატივი.

პრეზერვატივზე გამოსახული ხელის ფორმით საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები მღვდელმოქმედებისას გამოსახავენ ჯვარს და ასევე ამ ფორმით ლოცავენ მრევლს; უფრო მეტიც, პრეზერვატივზე აღბეჭდილი ცხოველის თავის გამოსახულების გვერდით განთავსებულია შემდეგი წარწერა: „ჩამოვკრავდი, მარა ნათლისღებაა“.

როგორც მოგეხსნებათ ნათლისღების დღესასწაული არის თორმეტი დიდი საუფლო დღესასწაულიდან ერთ-ერთი დღესასწაული.

იგი განსაკუთრებით გამოირჩევა მორწმუნეებისთვის რადგან ეს არის დღე, როცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ მდინარე იორდანიაში სიმდაბლით იოანე ნათლისმცემლისგან ნათელიღო და წყალი ხრწნილებისაგან განწმიდა, რათა მის მიერ ცოდვათა მოტევება მოენიჭებინა ჩვენთვის.

გარეკანზე სავარაუდოდ ასევე აღბეჭდილია პრეზერვატივი, რომელსაც სამეფო გვირგვინის ფორმა აქვს და მის ქვეშ იკითხება წარწერა „ძლევაჲ საკვირველი“. ნათელია, რომ პრეზერვატივზე განთავსებული რეკლამა არღვევს კონკრეტული ფიზიკური პირების (მაგ. ბაგრატოვანთა), ასევე მართმადიდებელი მოსახლეობის (რომელიც წარმოადგენს ქვეყნის უმრავლესობას) და მართლმადიდებელი ეკლესიის (რომლის განსაკუთრებული მდგომარეობა განსაზღვრულია ე.წ. კონკორდატით – საკონსტიტუციო შეთანხმებით) უფლებებს.

“ თბილისის მერიამ გამოსცა სამართალდარღვევათა ოქმი, სადაც მითითებულია, რომ ინდ. მეწარმე ანა გაჩეჩილაძის მიერ განხორციელებული ქმედება, კერძოდ მის მიერ წარმოებული პროქდუქციის რეკლამა, მიჩნეულ იქნა არეთიკურად, რეკლამის წარმოებისა და გავრცელების წესის დარღვევად.

ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შეგენილ იქნა ასკ-ის 159-ე მუხლის საფუძველზე. ასევე მიუთითა, რომ მოცემული მუხლით გათვალისწინებული დარღვევა წარმოადგენს სასამართლოს განსჯად საქმეს.

დასახელებული ქმედების გამო, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, მოსარჩელე ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.

ადმინისტრაციული სახდელის სახით დაეკისრა ჯარიმა – 500 ლარის ოდენობით, ასევე დაევალა თავის პროდუქციაზე დატანილი წარწერების და გამოსახულებების, როგორც „არაეთიკური რეკლამის“ ამოღება საქართველოს სასაქონლო ბაზრიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს ხსენებული გადაწყვეტილება ძალაში დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 15 ივნისის დადგენილებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 10 მაისს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს მოქალაქე ანი გაჩეჩილაძემ.

კონსტიტუციური სარჩელის არსებითად განსახილველად მიღების საკითხის გადასაწყვეტად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე, „ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ არსებითად განსახილველად მიიღო 2019 წლის 24 ოქტომბრის საოქმო ჩანაწერით.

დავის საგანს წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 343-ე მუხლის, „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მუხლის პირველი ნაწილის იმ ნორმატიული შინაარსის კონსტიტუციურობა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას არაეთიკური რეკლამის განთავსებისა და გავრცელებისთვის საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მე-20 მუხლის პირველ და მე-3 პუნქტებთან და 31-ე მუხლის მე-9 პუნქტთან მიმართებით; „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან მიმართებით.

მოსარჩელე მხარე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას.

მოსარჩელის პოზიციით, დაუშვებელია სარეალიზაციო პროდუქტის შეფუთვაზე არსებული გამოსახულების მოაზრება რეკლამად და მისი პროდუქტისგან დამოუკიდებელ სუბსტანციად განხილვა.

მოსარჩელის აღნიშვნით, იმისათვის, რომ საქონელზე, მომსახურებასა და სამუშაოზე, ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, იდეასა და წამოწყებაზე გავრცელებული ინფორმაცია აკმაყოფილებდეს რეკლამის დეფინიციას, აუცილებელია, ისინი თვისობრივად გამიჯვნადი იყოს პროდუქტისგან.

მოსარჩელის პოზიციით, პროდუქტის შეფუთვა არის მისი არსებითი შემადგენელი ნაწილი და არა რეკლამა.

სადავო რეგულირებით კი ხდება შეფუთვაზე დატანილი გამოსახულებების რეკლამად მიჩნევა, რაც განაპირობებს რეკლამის მომწესრიგებელ ნორმათა მოქმედების არეალის გაუმართლებელ გაფართოებას.

მაშასადამე, რეგულირება არ არის ლეგიტიმური მიზნის მიღწევისკენ ვიწროდ მიზანმიმართული, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით მე-17 მუხლით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

მოსარჩელე მხარეასევე არაკონსტიტუციურად მიიჩნევს „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილ არეთიკური რეკლამის საკანონმდებლო დეფინიციას.

კონსტიტუციურ სარჩელში აღნიშნულია, რომ ბუნდოვანია სადავო ნორმის შინაარსი.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმე არსებითად განსახილველად მიიღო, მაგრამ არა იმ ნაწილში, სადაც აშკარად ირღვეოდა კონსტიტუციის მე-16 მუხლით დაცული რელიგიის თავისუფლება.

კერძოდ : არ იქნეს მიღებული არსებითად განსახილველად კონსტიტუციური სარჩელი სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება:

„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის კონსტიტუციურობას.

„რეკლამის შესახებ“ კანონის მე-3 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველ, მე-2 და მე-5 პუნქტებთან, მიმართებით;

[elementor-template id="2937"]