ექიმის შეცდომა

პაციენტის გარდაცვალების გამო საავადმყოფოს პასუხისმგებლობაზე

ადვოკატი დავით მეტრეველი პაციენტის გარდაცვალების გამო სამედიცინო დაწესებულების პასუხისმგებლობაზე, ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის გამო პასუხისმგებლობის დაკისრებაზე.

დიდი ხნის განმავლობაში, იურიდიულ სივრცეებში არსებობდა მოსაზრება, რომლის მიხედვითაც ოჯახის წევრის გარდაცვალების გამო არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ ჰქონდა ოჯახის მეორე წევრს.
მართალია, დროდადრო განსხვავებული ვერსიებიც გამოჩნდებოდა ხოლმე პრაქტიკაში, რომელიც უშვებდა ოჯახის წევრის მიერ ახლობლის გარდაცვალებით მიყენებული არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების შესაძლებლობას, მაგრამ ათწლეულზე მეტი დროის განმავლობაში, დომინირებდა აზრი, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის მქონე ერთადერთი სუბიექტი იყო თავად დაზარალებული(ას-105-545-06(2006 წ. ); სუსგ-ს №ას593-568-2016 (2017წ.)).
ასეთ პრაქტიკას განამტკიცებდა საქართველოს უზენაესი სასამართლო.
ამ გაუკუღმართებული პრაქტიკის არსებობით, ფაქტიურად ჩვენ ვუშვებდით შესაძლებლობას, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის ფინანსურად მეტად მომგებიანი იყო თუ არასწორად ნამკურნალებ პაციენტს ცოცხალს აღარ გამოუშვებდნენ.
მოდიოდა დრო, როდესაც ასეთ მიდგომას წერტილი უნდა დასმოდა.
ცვლილებას საფუძვლად დაედო არასწორი სამედიცინო ჩარევით შვილმკვდარი მამის დაუდგრომელი და მოუღალავი მეცადინეობა – ეპოვა სამართალი. მან წლების განმავლობაში მოიარა საქართველოში ყველა ინსტანციის სასამარლო, მაგრამ უშედეგოდ.
არ გაჩერებულა… წავიდა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, უჩივლა საქართველოს და საბოლოოდ, 2018 წლის ივლისში მოიგო დავა („სარიშვილი-ბოლქვაძე საქართველოს წინააღმდეგ“. თავმჯდომარე ანჟელიკა ნიუსბერგერი).
ამ გადაწყვეტილებით განისაზღვრა: (ვციტირებ 3 პარაგრაფს) „..მოცემული საქმე არ შეიცავს არაქონებრივი ზიანის სათანადო ოდენობით ანაზღაურების შეფასებას, არამედ სრულ, უპირობო უარს ამგვარ ანაზღაურებაზე ეროვნული კანონმდებლობით, როგორც ეს განიმარტა და გამოყენებულ იქნა პრაქტიკაში[საქართველოს ადგილობრივი სასამართლოების მიერ].

აღნიშნულის საპირისპიროდ, [ევროპულმა] სასამართლომ მანამდეც აღნიშნა, რომ საქმეებში, რომლებიც შეეხება კონვენციის მე-2 და მე-3 მუხლებს, რომლებიც მიჩნეულია კონვენციის ყველაზე უფრო ძირითად ნორმებად, მათი დარღვევის შედეგად არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება, პრინციპში, შესაძლებელი უნდა იყოს როგორც სამართლიანი დაცვის საშუალების ერთ-ერთი ფორმა.

97. შედეგად, უზენაესი სასამართლოს მიერ იმის დადასტურების ფონზე, რომ მომჩივანმა „უდავოდ“ განიცადა ფსიქოლოგიური სტრესი მისი ახალგაზრდა შვილის გარდაცვალების გამო უპირობო საკანონმდებლო შეზღუდვით მომჩივანს გაუმართლებლად წაერთვა შესაძლებლობა, სასამართლოს გზით მოეთხოვა კომპენსაციის მიღება არაქონებრივი ზიანის სანაცვლოდ, როგორც მისთვის ხელმისაწვდომი სამოქალაქო სამართლებრივი დაცვის საშუალება.
98. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევას.“
ეს იყო გარდამტეხი წერტილი, აქედან მოყოლებული, ათწლეულებით გამყარებული მავნე პრაქტიკა, თითქოს მეუღლის, შვილის ან სხვა ახლობლის სიცოცხლის ხელყოფის გამო მიყენებული მორალური ზიანი არ ანაზღაურდებოდა იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული პირდაპირ არ იყო გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით და სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურების უფლება გააჩნდა მხოლოდ დაზარალებულს – შეიცვალა. (ერთ-ერთი მოწინავე საქმე #ბს-327-309(2კ-07), 2019 წელი).
დამატებით ისიც აღსანიშნავია, რომ ევროპული სასამართლო მოპასუხე სუბიექტთა წრის განსაზღვრასაც ეხება და გამონაკვთავს შემთხვევებს, როდესაც საექიმო შეცდომისგან წარმოშობილი ზიანისთვის პასუხისმგებელი შეიძლება იყოს სახელმწიფო.
მაშასადამე, გვაქვს შესაძლებლობა მოპასუხედ დავაყენოთ სახელმწიფო და სამედიცინო დაწესებულება სოლიდარულად.
გაითვალისწინეთ, ამ დროს არ ვაფუძნებთ მოთხოვნას სახელშეკრულებო სამართალზე, არამედ დელიქტურ სამართალს ვწევთ წინ.
სახეზე უნდა იყოს ექიმის ბრალეული მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და უშუალო მიზეზობრივი კავშირი საექიმო გადაცდომასა და დამდგარ არასასურველ მკურნალობის შედეგს შორის.

საექიმო შეცდომად(მართლსაწინააღმდეგო ქმედებად) რა ითვლება?

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ საექიმო შეცდომად ითვლება არა უშუალოდ მკურნალობის ლეტალური/ არასასურველი შედეგი, არამედ პასუხისმგებლობის წარმომშობი გარემოებაა ექიმის მიერ სამედიცინო მეცნიერების სტანდარტებიდან გადახვევა(იხ. სუსგ საქმე №1268-1526-09), ასევე საექიმო პრაქტიკისა და ეთიკის წესებისგან გადახვევა(მაგალითად, როდესაც სასწრაფოს იძახებთ გულის მწვავე ტკივილებით, სასწრაფოს პერსონალს ადგილზე მისვლისას თან უნდა ჰქონდეს პორტატული ეკგ(ელექტროკარდიოგრამა), ასევე, საკაცეს მეშვეობით უნდა მოდეს პაციენტის გადაადგილება).
ექიმმა აღნიშნული საექიმო გადაცდომა შეიძლება განახორციელოს როგორც მოქმედებით, მაგალითად არასწორი დიაგნოზის დასმითა და მკურნალობით, ასევე უმოქმედობით, საჭირო გადაუდებელი დახმარების გაუწევლობით.
ექიმის გადაცდომა (მოქმედება/უმოქმედება) ითვლება მართლსაწინააღმდეგოდ.

რას ნიშნავს მიზეზობრივი კავშირი?

პრაქტიკაში, ადვოკატებს ყველაზე მეტად ამ ეტაპისთვის ღირსეულად თავის გართმა უჭირთ, ვინაიდან მტკიცება შედარებით აბსტრაქტულ კატეგორიებს ეფუძნება.
სტატისტიკურად, ამ ტიპის წარმოებებში, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის ყველაზე მეტი შემთხვევა მიზეზობრივი კავშირის დაუსაბუთებლობაზე მოდის.
მიზეზობრივი კავშირი გულისხმობს ჰიპოთეტურ დათქმას: თუ ექიმი X ქმედებას განახორციელებდა/არ განახორციელებდა, პაციენტი არასასრუველ შედეგამდე არ მივიდოდა; ქმედება/უმოქმედობა უშუალო კავშირში უნდა იყოს შედეგთან.
მდგომარეობას ამძიმებს ის ფაქტი, რომ ობიექტი არის ადამიანი, რომელსაც ინდივიდუალური მახასიათებლები გააჩნია.
არცერთი მკურნალობა არ გვაძლევს გარანტიას რომ სასურველ შედეგამდე მივალთ.
მოკლედ, მიზეზობრივი კავშირის დადგენა არის უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომელსაც მაქსიმალური ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ. მოითხოვს დიდ კომპეტენციას, ანალიზის უნარსა და შრომას.
მტკიცების ტვირთი.
იმისათვის, რომ მოსარჩელე ჯეროვან შედეგამდე მივიდეს, ასევე არსებითია ადვოკატის მიერ მტკიცების ტვირთის სწორად აღქმა. განსაკუთრებით ორმაგი სტანდარტის არსებობის პირობებში.
მოსარჩელე მხარემ თანმიმდევრულად, არგუმენტირებულად და გასაგებად უნდა ამტკიცოს პაციენტისათვის მიყენებული ზიანის ფაქტი;
სამედიცინო დაწესებულებამ (მოპასუხემ) უნდა ამტკიცოს, რომ მან განახორციელა სამედიცინო სტანდარტებით გათვალისწინებული ყველა მართლზომიერი ქმედება არასასურველი შედეგი თავიდან ასაცილებლად.

 რისი მოთხოვნის უფლება გვაქვს?

პრაქტიკის მიხედვით, დაკრძალვის საორიენტაციო ხარჯებად გათვალისწინებულია 10 000 ლარი.

ხოლო, რაც შეეხება არაქონებრივ ზიანს, მაგალითად ოჯახის წევრის გარდაცვალებით გამოწვეული სულიერი ტანჯვის კომპენსაციას, დამოკიდებულია თქვენს სუბიექტურ მდგომარეობაზე.

რა თქმა უნდა, კომპენსაცია არაქონებრივი ზიანისთვის ვერ გააცოცხლებს მოსარჩელეს გარდაცვლილ ოჯახის წევრს, მაგრამ მის მიერ თანხის მიღება, ვფიქრობ, სამართლიანია.
სხვა სტატიების სანახევად ეწვიეთ ლინკს.

[elementor-template id="2937"]