თუ პოლიციელმა გაგვაჩერა

თუ პოლიციელმა გაგვაჩერა

როდის შეუძლია პოლიციელს მოქალაქის გაჩერება?

რატომ გვიღებს ფოტოსურათს პოლიციელი და როდის აქვს მას ამის უფლება?

რჩევა ადვოკატისგან, რა უნდა მოვიმოქმედოთ ამ დროს;

გვესაუბრება ადვოკატი დავით მეტრეველი
ყველა ქვეყანაში, მათ შორის ჩვენთანაც, არსებობენ გამონაკლისები- ცუდი პოლიციელიბი. და ის ფაქტი, რომ არსებობენ გამონაკლისები, ჩვენთვის უნდა იყოს სტიმული უკეთ გავერკვეთ ჩვენს უფლებებში.
უნდა იცოდეთ, რომ კანონმდებელი გვიცავს პოლიციის თვითნებობისაგან. არსებობს კანონი პოლიციის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს პოლიციელის მიერ უფლებამოსილებების განხორციელების ფორმებს და მისი საქმიანობის კონტროლს.
პოლიციელს შეუძლია შეგაჩეროთ და დაადგინოს თქვენი ვინაობა, გამოგკითხოთ პერსონალური მონაცემები და მოგთხოვოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენა, თუ:
1) თქვენ გაქვთ ძებლილი ან დაკარგული პირის იდენტური გარეგნული ნიშნები;
2) არსებობს ვარაუდისთვის საკმარისი საფუძველი, რომ თქვენ ჩაიდინეთ ან ჩაიდენთ სამართალდარღვევას;
3) თქვენ იმყოფებით სპეც. რეჟიმისადმი დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ან საპოლიციო კონტროლის განხორციელების ადგილზე;
4) თან გაქვთ იარაღი;
5) იმყოფებით დანაშაულის ან საგზაო-სატრანსპორტო ან სხვა საგანგებო შემთხვევის ადგილზე;
6) თქვენი ან თქვენი სატრანსპორტო საშუალების გარეგნული ნიშნები ან თქვენი ქმედება სამართალდარღვევაში თქვენს შესაძლო მონაწილეობაზე მიანიშნებს;
დაიმახსოვრეთ, პოლიცია ვალდებულია განგვიმარტოს შეჩერების საფუძველი; პოლიციისთვის ინფორმაციის მიწოდება ნებაყოფლობითია. 14 წლამდე პირი შეიძლება გამოიკითხოს მხოლოდ მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მონაწილეობით.
ალბათ ერთხელ მაინც ყველა ჩვენგანისთვის გადაუღია ფოტო პოლიციელს. პირადად მე, სტუდენტობისას მხვდა წილად ეს ბედნიერება.
თქვენთვის ფოტოს გადაღება პოლიციელს შეუძლია მხოლოდ მაშინ, თუ თან არ გაქვთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ან თუ თან გაქვთ, მაგრამ პოლიციელს აქვს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ დოკუმენტაციის მონაცემები არ ასახავს რეალობას. ეს საფუძველი პოლიციელმა უნდა განმარტოს ოქმში, რასაც შინაარსის გაცნობის შემდეგ თქვენ აწერთ ხელს. ოქმში შეგიძლიათ შეიტანოთ შენიშვნა, რაც უნდა დაადასტუროთ ხელმოწერით.
და ბოლოს, რჩევები:
1) თუ პოლიციელმა გაგვაჩერა, შევეცადოთ არ გავაღიზიანოთ, მაგრამ ირიბად გავუჩინოთ მოლოდინი რომ ვფლობთ ინფორმაციას ჩვენი უფლებების შესახებ;
2) ყოველგვარი დაძაბვისა და შეშფოთების გარეშე, საქმიანი და ამავდროულად უაღრესად კეთილგანწყობილი ტონით ჰკითხეთ თუ რა საფუძვლით გაგაჩერეს;
3) სთხოვეთ წარმოადგინოს მოწმობა;
4) დააკვირდით დაწყებული აქვს თუ არა პოლიციელს ოქმის შედგენა, პოლიციელის მიერ ოქმის შედგენა სავალდებულოა. თუ მიდიხართ იმ დასკვნამდე, რომ პოლიციელი ოქმის შედგენა „ავიწყდება“, მაქსიმალურად ზრდილობიანად, ირიბად მიახვედრეთ, რომ იგი ვალდებულია შეადგინოს ოქმი. ამისათვის შეგიძლიათ დასვათ შემდეგი შინაარსის კითხვები: „ბოდიში, ოქმის შედგენას საშუალოდ რა დრო დასჭირდება?;“ და ა.შ.
5) დაიმახსოვრეთ, თუ პოლიციელმა გაგვაჩერა, შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, პოლიციელს აქვს  არა თქვენი ჩხრეკის, არამედ ზედაპირული შემოწმების უფლება.
ჩვენი სხვა სტატიების სანახავად დააკლიკეთ ლინკს.

[elementor-template id="2937"]