საქორწინო ხელშეკრულება- სიკეთე თუ გამოუსწორებელი შეცდომა

საქორწინო ხელშეკრულება – სიკეთე თუ ოჯახის ფუძეში ჩადებული ნაღმი

განსხვავებით განვითარებადი ქვეყნებისგან, განვითარებული ქვეყნების მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, საქორწინო ხელშეკრულება ერთ- ერთი ხშირად გამოყენებადი აქტია.

საქორწინო ხელშეკრულებით მეუღლეებმა შეიძლება მოაწესრიგონ ერთმანეთის მიმართ ქონებრივი და არაქონებრივი უფლება-მოვალეობები; მეუღლეებს საქორწინო ხელშეკრულებით შეუძლიათ გაერთიანონ მათს ინდივიუალურ საკუთრებაში არსებული ქონება; დაადგინონ წილობრივი თუ განცალკევებული საკუთრების უფლება ნივთებზე; განსაზღვრავენ თუ რა უნდა გადაეცეთ ქონებიდან თითოეულ მეუღლეს განქორწინების შემდგომ და  ა.შ.

საქორწინო ხელშეკრულება ფორმალური, მბოჭავი ხასიათის დოკუმენტია, რომელიც ძირითად შემთხვევებში მიმართულია მეუღლეთა ქონებრივი უფლებების გადაზღვევისკენ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით საქორწინო ხელშეკრულება მკვეთრად გამოხატულ სიკეთის მომტან დოკუმენტს წარმოადგენს და სტატისტიკით თუ ვიმსჯელებთ, უამრავი ადამიანის ცხოვრების დანგრევის პრევენცია შეეძლო; საქართველოში მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა თავს არიდებს მსგავსი შინაარსის ხელშეკრულების გაფორმებას.

სტატისტიკის მიხედვით, გასული 30 წლიანი პერიოდის განმავლობაში დაახლოვებით 300 საქორწინო ხელშეკრულება გაფორმდა, მაშინაც, ძირითად შემთხვევებში ერთ-ერთი მეუღლე უცხოელი იყო.

საქართველო, როგორი საწყენიც არ უნდა იყოს, განვითარებადი ქვეყანაა, მაგრამ ვერც ვითარდება და პერსპექტივაშიც არ უჩანს, რომ უახლოვესი 2- 3 ათწლეულის განმავლობაში რამე შეიცვლება (ავტორის მოსაზრება -დ. მ.); შესაბამისად, დაბალია როგორც ზოგადი განათლების ხარისხი, ასევე სამართლებრივი ცნობიერება.  მოსახლეობას მიაჩნია, რომ თუ მხარეთა შორის ხელშეკრულება ფორმდება, ეს აპრიორი გულისხმობს იმას, რომ დასაქორწინებლებს ერთმანეთი არ უყვართ, ერთმანეთს არ ენდობიან.

შეიძლება საკვლევი საკითხის ასეთი ხედვა ნორმალური იყოს ადამიანებისთვის, ვინც საბჭოური მენტალიტეტით საზრდოობდნენ. შეიძლება ითქვას, რომ სოციალურისტურ სახელმწიფოში, ისეთში როგორშიც საბჭოთა კავშირი იყო საქორწინო ხელშეკრულების დადების საჭიროება არ არსებობდა.

კაპიტალისტურ, საზოგადოებაში, რომელიც ადამიანის ნების დამოუკიდებლობის შედარებით მაღალი ხარისხით არსებობის შესაძლებლობას გვაძლევს, მეტია შეცდომების დაშვების ან მავნე ჩვევების/ მიდრეკილებების გაჩენის რისკი. აქ საქორწინო ხელშეკრულების დადება გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს.

რისგან დაგვაზღვევს საქორწინო ხელშეკრულება?!

  • საქორწინო ხელშეკრულების დადების შემთხვევაში გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ, ერთი მეუღლე აღარ დასძენს დანანებით, რომ თურმე მეუღლეს დიდი ვალები ჰქონია, რაც ქორწინების დროს არ იცოდა და ახლა უცაბედად აღმოჩნდა, რომ აღმასრულებელს მათს საცხოვრებელ სახლზე აუქციონი აქვს დანიშნული;
  • საქორწინო ხელშეკრულება გადააზღვევს მეუღლეს, რომელიც აღმოაჩენს, რომ თურმე მისი მეორე ნახევარი სტაჟიანი ან დამწყები, მაგრამ მეტად აზარტში შესული გემბლერია („ყუმარბაზი“ – ავტორის შენიშვნა – დ.მ).
  • ხელშეკრულება დაგვიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ აღმოჩნდება რომ ჩვენი მეორე ნახევარი ნარკოტიკულ საშუალებების აქტიური მომხმარებელი; ან ალკოჰოლური საშუალებების ბოროტად გამოყენებისკენ მიდრეკილია, რაც აგვარიდებს მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს;
  • მეუღლეებმა საქორწინო ხელშეკრულებაშივე შეიძლება მოაწესრიგონ განქორწინების საფუძვლებიც; მათ შორის ამორალური საქციელის ჩადენის შემთხვევაში მხარეთა უფლება-მოვალეობები;

მოკლედ, საქირწინო ხელშეკრულების დადება აბსოლუტური აუცილებლობაა ქორწინებისას და არა მაღალგანვითარებული მართლშეგნებისა და მსოფლმხედველობის შედეგი.

თემის ზოგადი თეზისების ამოწურვისთვის, აქვე მართებული იქნება, თუ ჩამოვთვლით იმ საკითხებს, რაც საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება მოწესრიგდეს:

  • საქორწინო ხელშეკრულებით არ შეიძლება გათვალისწინებული იქნეს ისეთი პირობები, რომელიც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს ერთ-ერთ მეუღლეს, ან ორივეს.
  • არ შეიძლება შეიცვალოს მეუღლეთა ურთიერთრჩენის მოვალეობა;
  • ბავშვის საუკეთესო ინტერესის საწინააღმდეგოდ არ შეიძლება ბავშვის მიმართ კანონით განსაზღვრულ მინიმალურ სტანდარტზე დაბალი ზრუნვის მოვალეობის გათვალისწინება; არ შეიძლება ერთ, რომელიმე ან ორივე მშობელს დაუწესდეს ზრუნვის უფრო დაბალი სტანდარტი;
  • არ შეიძლება რომელიმე მეუღლემ წინასწარ გამორიცხოს ან გარეშემოიწეროს საალიმენტო ვალდებულება;
  • არ შეიძლება შეიზღუდოს სასამართლოსთვის მიმართვის უფლება;

ასევე, მეტად საყურადღებოა, რომ ისევე როგორც ყველა ხელშეკრულება, საქორწინო ხელშეკრულებაც შედგენილი უნდა იყოს სსკ-ის 325-ე მუხლის დანაწესის გათვალისწინებით; კერძოდ, ერთის მხრივ ხელშეკრულება უნდა შეესაბამებოდეს მხარეთა ნამდვილ ნებას; ხოლო მეორე მხრივ იგი უნდა იყოს კეთილსინდისიერების, სამართლიანობის და თანასწორობის საწყისებზე დამყარებული;

მიუხედავად იმისა, რომ დღეს 325-ე მუხლი პრაქტიკაში ნაკლებად მოქმედებს, რამდენიმე ათწლეულის გასვლის შემდეგ გამოჩნდებიან ჰერკულესი მოსამართლეები, გამომეძიებელი ადვოკატები, რომელთათვისაც საქმის წარმართვა/ წარმოება მხოლოდ რუტინული მოვალეობა არ იქნება და… იმ დროს ყველაფერი უკეთესად იქნება.

პატივისცემით,ავით მეტრეველი

სხვა სტატიების სანახავად ეწვიეთ ლინკს.

 

[elementor-template id="2937"]